ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
კენჭისყრის პროცედურის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და კვლავ ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა.
ივანიშვილმა ისევ გარე ძალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ქვეყნის ომში ჩართვა უნდათ.
"მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ ქართველ ხალხს, საზოგადოებას, ჩვენ სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც დღევანდელი არჩევნები იმით არის გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას თუ ჩვენ მათ ავირჩევთ.
სამეზობლოში ომია - იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას და რომელიც დღეს სამწუხაროდ პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ საქართველო ჩაერთოს საომარო მოქმედებებში. გარწმუნებთ, რომ ამას არ დასჭირდება დიდი დრო და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა კრიმინალისგან გავასუფთაოთ, უნდა მოვახერხოთ, რომ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია, სიძულვილის ენა", - თქვა ოლიგარქმა.